суббота, 16 мая 2009 г.

8 აგვისტო
დილით, 11 საათზე, აუზზე ცურვის გაკვეთილზე უნდა წავსულიყავი. ხმები კი მომდიოდა, რომ ომი იყო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა იყოს ეს…
მამამ უარი მითხრა, ცურვაზე არ წახვალო. მე ვიტირე, მერე დედაც დავითანხმე. ჩავსხედით მე დედა და მამა მანქანაში და ცურვაზე წამიყვანეს თამარ მეფის ქუჩით. როცა სტალინის ქუჩას მივუახლოვდით, თვითმფრინავის ხმამ გაიელვა და ახალბაღის მხრიდან დიდ აფეთქების ხმას, უშველებელი შავის ბოლის სოკოს ამოსვლა მოჰყვა. მამამ მანქანა დაამუხრუჭა, უეცრად მოაბრუნა და დიდი სიჩქარით სახლისკენ გაიქცა. სანამ სახლამდე მოვიდოდით, ვხედავდი, ადამიანები როგორ გარბოდნენ. დედაჩემი და მამაჩემი ხმას არ იღებდნენ, მერე დედა მომიბრუნდა და მითხრა: ხომ არ შეგეშინდა?
მე ვერ მივხვდი რატომ მკითხა. ვერც იმას მივხვდი, რა მოხდა. მოგვიანებით, საღამოს გავიგე, რომ გორი დაბომბეს.

9 აგვისტო
9 აგვისტოს უკვე ატენში გავიღვიძე. დილით, მახსენდება, რომ დედამ გამაღვიძა ღამით და მითხრა:,,ჩაიცვი, ჩემო საყვარელო! ჩქარა ჩაიცვი!” თვითონ კი ჩემს მძინარე ძმას აცმევდა. მერე დიდ ჩანთებში ჩემი და ჩემი ძმის ტანსაცმელს ყრიდა და იმასაც რაც სახლში საკვები იყო. მე ვიჯექი და თან გაოცებული, თან შეშინებული შევცქეროდი. არც დედა და არც მამა ხმას არ იღებდნენ. მერე დედა სამზარეულოში შევიდა, ცელოფნის პარკში ცალკე ჩაყარა ღვეზელების გორა და მანქანაში გამატანინა. ,,ეს ბიჭებს!”-თქვა. მე ვიკითხე, ვინ ბიჭებს-მეთქი. ,,-ნიკას და მის ამხანაგს. დღეს თბილისიდან რეზერვისტები ჩამოიყვანეს და მე-6 სკოლაში არიანო.”-მითხრა დედამ. ნიკა, ჩემი მამიდაშვილია და სულ 21 წლისაა… ღვეზელები ბიჭებს დავუტოვეთ. ნიკას კი დიდი ზურგჩანთა ეკიდა, ხელში ავტომატი ეჭირა და ნამვილი მეომარს ჰგავდა.
ქუჩები ჯარისკაცებით იყო გადაჭედილი. ამის დანახვაზე რაღაც ვიგრძენი და ეს რაღაც 9 აგვისტოს დილით ამოვხსენი, ეს შიში იყო. მერე ცოტა დავითრგუნე, მერე კი უფრო მეტად… ეს მაშინ, როცა ამ დღის თერთმეტ საათზე დედა და მამა გორში წავიდნენ… მითხრეს აუცილებელია ჩვენი წასვლა და მალე დავბრუნდებითო. ეს მალე საუკუნედ მექცა. 12-ის ნახევარზე გორი დაბომბეს და ისე ომახიანად ისმოდა ატენში, იტყოდი, ატენს ბომბავენო. მეგონა, ის ბომბი პირდაპირ მე დამეცა, რადგან ჩემი მშობლები არ ჩანდნენ. ვითმინე ნახევარი საათი, ერთი საათი, და მერე?... მერე საშინელი ისტერიკული ტირილი ამივარდა. მეგონა, რადგანაც გორი დაბომბეს ჩემი მშობლებიც?!... არ მინდოდა, გაფიქრებაც კი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი: ,,ღმერთმა დაიფაროს ყველას დედა და მამა! ღმერთმა დაიფაროს!” ჩემი ცრემლების მრცხვენოდა და ბაღის ბოლოში მდინარის პირას მოვიოხე გული. ჩემი ძმა კი ვერ ხვდებოდა. ,,რატომ ტირი ხატი, რატომ ტირი?” მე კი ვეხვეოდი და ვცდილობდი აღარ მეტირა. მერე კი დედა და მამაც მოვიდნენ და თან მანანა მამიდაც მოიყვანეს(ნიკას დედა). მამიდა გაფითრებული იყო, თვალები ჩამქრალი ჰქონდა და ტელეფონს ხელიდა არ აგდებდა. ნიკას ზარს ელოდებოდა. მე ესეც მიკლავდა გულს. ჩემი პატარა გული კი მძიმდებოდა და მძიმდებოდა, და ვხვდებოდი, თუ რა დიდი უბედურება ყოფილა ომი.
10 აგვისტო
ღამე ცუდად მეძინა. ლოგინში დედამ ტანსაცმლით დაგვაწვინა და გვითხრა, არ გაიხადოთო. დილით კი შვიდის 15 წუთზე დედამ წამომახტუნა და დავინახე მამა როგორ მიარბენინებდა ჩემს ძმას, მირბოდა მამიდაც. გავიგე, როგორ მითხრა დედამ <<,,-სარდაფში, დედა, სარდაფშიო.’’- ხელი არ გაუშვია ისე მივრბოდით სარდაფში. ქუჩის ძემოთა სახლიდან ჩვენ სახლში(რომელიც ქუჩის იქით დგას) ჩემი ნინო მამიდას ოჯახი იყო გამოხიზნული და ჩვენთან იყო. სარდაფი კი მხოლოდ ჩემს სახლს ჰქონდა. სარდაფში ყველანი ახლად გამოღვიძებული, შეშინებული ნაცრისფერი სახეებით ვისხედით და ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდით. ელეს და მაგდას მძინარე ბავშვები ეჭირათ ხელში. 2 წლის და წლინახევრის და ისე დასცქეროდნენ მათ, ასე მეგონა, ვინმე წართმევას უპირებს. შიშს შიში დაემატა და ვგრძნობდი, რომ გულში აღარ მეტეოდა და გული შეიძლება გამსკდარიყო, მაგრამ იცით რით ვცხოვრობდი, დედას თვალებით! ისინი, როცა არ უნდა შემეხედა, ყოველთვის მიცინოდნენ და მეუბნებოდნენ:,,ნუ გეშინია, ჩემო საყვარელო, მე ხომ შენთან ვარ.’’ მეც აღარ მეშინოდა. ამ დღეს შევიტყვეთ უკვე დილის 9 საათზე, რომ ცეცხლი შეწყდა და ჩვენმა ჯარებმა უკან დაიხიეს. ატყდა ვაი-უშველებელი გორის მიწასთან გასწორება განუძრახავთო და ჩვენც მოგვწვდებიანო. ჩემი სტუმრები ჩასხდნენ მანქანაში და თბილისისკენ გაეშურნენ. მე ისტერიკული ტირილი ამიტყდა, ვეღარ ვიგებდი ვინ სწორი იყო და ვინ მცდარი. დედა და მამა ისხდნენ და ყველაფერს ყოველგვარი აღელვების გარეშე, ერთმანეთზე მხარიმხარ მიყრდნობილები, არა შეწუხებულები თუ რა ვიცი რა… სიტყვებით ვერ გადმოვცემ, უსიტყვოდ შესცქეროდნენ. მე ატირებულმა დედის თვალები მოვძებნე და ისევ ის თვალები, ის თვალები ვიპოვე დილით სარდაფში, რომ მიყურებდნენ მომღიმარი, იმედიანი, თბილი და ვერ გავიგე სად გაქრა შიში და ცრემლები.
9 აგვისტოს კიდევ ერთი დიდი საშინელება მოხდა. ჩემი მამიდაშვილის ცოლის ძმა მოჰყვა აფეთქებაში, როცა გორში სამხედრო ნაწილი დაბომბეს და მოკვდა. საწყალი ელენე, როგორ ტიროდა! ვტიროდი მეც და მთელი ოჯახი. მაშინ უფრო მეტად დავრწმუნდი, თუ რა უბედურება ყოფილა ომი. ომი თურმე შიშია, სიცარიელე, ტკივილი, დევნა და ყველაფერი საშინელება.

11 აგვისტო
10 აგვისტოს ღამით, 12 საათზე, ჩვენთან დედიკოს ბიძაშვილები ჩამოვიდნენ გორიდან და ის ღამე ჩვენთან გაათენეს. დილით ყველა წავიდა და ჩვენთან ყველაზე მშიშარა ანუკი დატოვეს, მოგვიანებით გავიგე, რომ ანუკის ჩამოსაყვანად ვეღარ ჩამოვიდოდნენ, რადგან გორში რუსის ჯარი შევიდა და გასწრებაზე თბილისისაკენ წასულან. უბრალოდ დრო აღარ ჰქონდათ, რომ ანუკის წასაყვანად ატენში ჩამოსულიყვნენ. 11 აგვისტოს ღამე სარდაფში დავიძინეთ და იქ გავათენეთ, არ დამავიწყდება, როგორ გუგუნებდა იმ ღამეს თვითმფრიანვის მძიმე, გამგმირავი ხმა, რომელიც ატენის ხეობაში დაძრწოდა და დაბომბვას გვიპირებდა, მაგრამ… დილით მამა ამბობდა, რომ ღრუბელმა გადაგვარჩინა, რადგანაც მოღრუბლულ ამინდში არ ჩანს დაბომბვის მიზანიო. მოზანი კი ჩვენი ჯარი იყო, ისინი ხომ ატენის ხეობაში იდგნენ.
მე კი იმ ღამეს ძალიან მეშინოდა და ღმერთს ვთხოვდი არ მომკლა-მეთქი, მიშველე, არ დამტოვო მეთქი. თუ ასე გაგრძელდა, მე შეიძლება ცოცხალიც აღარ ვიყო და იცოდეთ, მე ვიყავი სიცოცხლის მოყვარული ადამიანი. მიყვარდა ყველა და ყველაფერი, მიყვარდა მტერიც და მოყვარეც, მინდა ოცოდეთ, ეს დღეები იყო ჩემთვის ყველაზე ტანჯული, ცუდი, შურისძიების გრძნობით აღსავსე, ცოდვების მონანიების სურვილით სავსე, იდუმალი, უცნაური, შეძრწუნებული შიშით სავსე, საიდუმლოებით მოცული…

,,-ღმერთო, მიყვარს სიცოცხლე და ნურავის მისცემ უფლებას წამართვას იგი.’’
და დილით გავიგე, რომ ომი შეწყდა.

ხატია ტაბატაძე


პირადი დღიური

7 აგვისტო
ქობულეთში დედასთან და დეიდასთან ერთად ვისვენებდით. 7 აგვისტოს გორში უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ ტელევიზიით გადმოსცეს,რომ ცხინვალში დაძაბული მდგომარეობა იყო.ძალიან შეგვეშინდა. მოგვიანებით გვიჩვენეს თუ როგორ იბომბებოდა ცხინვალი ქართველების მიერ. მეშინია, გორშიც არ მოხდეს რამე.მამაჩემისა და ჩემი ძმისგან ვიგებდით გორის ამბებს. მამამ გვითხრა რომ ჩვენი 5 ნათესავები ცხინვალში საომრად წაიყვანეს.დედას ცრემლები მოადგა და თქვა “დღეს გორში ვეღარ წავალთ!გზა გადაკეტეს.” აბნეული ვარ.ძალიან ვდარდობ: მამაჩემზე,ჩემს ძმაზე, ახლობლებზე და იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც საკუთარი სისხლის ფასად სამშობლოს იცავდნენ. მამაჩემის ზარს სულმოუთქმელად ველოდებოდი იმ იმედით, რომ კარგ ამბავს გაგვაგებინებდა.მამა დაგვირეკა და გვითხრა,რომ ხვალ ჩამოვიდოდა და აბასთუმანში წაგვიყვანდა ბებიასთა.

8 აგვისტო
დილით ვცადე მამასთან დაკავშირება, მაგრამ ვერ მოვახერხე. ძალიან განვიცადე. დილით ქობულეთიდან უამრავი ჯარისკაცები წაიყვანეს. არასოდეს დამავიწყდება ის ახალგაზრდა, რომელიც თავის შვილს იხუტებდა გულში, ჰკოცნიდა და თან ტიროდა.გული დამიმძიმდა მეც ტირილი დავიწყე და სახლში შევედი. საღამოს ტელევიზიით გადმოსცეს, რომ გორში ჩამოაგდეს ჭურვები. ვერ ვუკავშირდებოდით ყველანი ნერვიულობდნენ. დედა მამჩნევდა და გვერდიდან არ მშორდებოდა. მამშვიდებდა მაგრამ ვგრძნობდი რომ თვითონაც ძალიან დარდობდა, ხმა უკანკალებდა. მალე ბიძაჩემმა დარეკა და გვახარა ნახევრად ცხინვალი ჩვენიაო.ყველას ძალიან უხაროდა ჩვენს გარშემო.ერთმანეთს ვულოცავდით და ვტიროდით.

9 აგვისტო

9 აგვისტოს ჩემმა ძმამ დაგვირეკა და გვითხრა რომ გზაში იყო და მალე ჩამოვიდოდა.მისი ხმა რომ გავიგე სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა,აღარ ვიცოდი რა მექნა.მალე მამამაც დარეკა და გვითხრა,რომ კარგად იყო,სინამდვილეში კი გორი იბომბებოდა,მამამ კი ეს ყველაფერი დაგვიმალა.დედა ცრემლებს მალავდა.ეს ყველაფერი მე არ გამომპარვია.ვნერვიულობდი.უცბათ ჩემდაუნებურად ხმამაღლა დამიყვირია,ყველაფერი კარგად იქნება ღმერთო დაგვიფარე!დედამ გულში ჩამიკრა და დამამშვიდა.მალე ბიძაჩემი ჩამოვიდა და აბასთუმანში წავედით.

10 აგვისტო

აბასთუმანში მამამ დაგვირეკა და გვითხრა,რომ უკვე ახალციხესთან იყო მოსული და სახლში მალე მოვიდოდა.სიხარულით არვიცოდი რა მექნა.მეგონა მამას ვეღარ ვნახავდი.გარეთ გამოვედი და გზას გავხედე,მამა არსად ჩანდა.სახლში შევბრულდი და ჩემ ნათესავმა ანამ დაგვიძახა:მამშენი ჩამოვიდაო.კიბეებზე სიხარულისგან ვფრინავდი.მამას ვეფერებოდი,ვკოცნიდი და თან ორივენი ვტიროდით.ყველანი ბედნიერები ვართ.ერთი საფიქრალიღა მაქვს.რაც,შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ ქალაქში,გორი ძალიან მენატრება.


თეონა გორგიშელი